კლასში გამოიკვეთა პრობლემა,რომელიც მდგომარეობდა შემდეგში:ძალიან ხშირად ბავშვები ფეხსაცმელზე თასმა გახსნილები დადიოდნენ,რაც ზოგჯერ წაქცევის მიზეზიც გახდა. ამ საკითხმა დამაფიქრა და ორი ფაქტი გამოიკვეტა-ბაშვებმა ან არ იციან შეკვრა ან უბრალოდ ეზარებათ გახსნილი თასმების შეკვრა.ამისათვის პატარა კვლევა ცავატარე ,მოსწავლეებს გავახსნევინე თასმები და წყვილებში ერთმანეთს შეუკრეს.აღმოჩნდა,რომ ყველამ იცის თასმის შეკვრა,მაგრამ ეზარებათ.
воскресенье, 26 марта 2023 г.
понедельник, 20 марта 2023 г.
ტექნოლოგიების დადებითი და უარყოფითი მხარეები
კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა მტკიცედ მოიკიდა ფეხი ჩვენს ცხოვრებაში, მშობლები კი საგონებელში ჩაცვივდნენ. მათ აღელვებთ კომპიუტერის გავლენა ბავშვზე, აინტერესებთ, რამდენად უსაფრთხოა ის მოზარდი ორგანიზმისთვის. განუწყვეტლივ მიმდინარეობს დებატები კომპიუტერული თამაშების სარგებელსა და მავნებლობაზე, არ წყდება კამათი იმის შესახებ, აყენებს თუ არა ზიანს ეს თამაშები ბავშვს.
არსებობენ კომპიუტერული თამაშების მოწინააღმდეგეები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ასეთ თამაშებს არავითარი სარგებლობა არ მოაქვს, თუმცა გვხვდებიან ისეთებიც, რომლებსაც კომპიუტერული თამაშების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ.
ბავშვზე კომპიუტერული თამაშების გავლენა ერთმნიშვნელოვანი არ არის. დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, რომ ისინი კარგია და ბავშვმა შეიძლება ითამაშოს იმდენ ხანს, რამდენსაც მოისურვებს, თუმცა გაუმართლებელი იქნება იმის მტკიცებაც, რომ ცუდია და მათზე უარი უნდა ვთქვათ. კომპიუტერული თამაშები, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ ჩვენ გარშემო, სასარგებლოც შეიძლება იყოს და საზიანოც.
ვინაიდან კომპიუტერული თამაშები დღეს ფართოდაა გავრცელებული, მათი ზიანისა და სარგებლის საკითხი ეხება ადამიანთა ძალიან დიდ რიცხვს. მათი დადებითი და უარყოფითი ზემოქმედების გამოვლენა დაგვეხმარება, უფრო ეფექტიანად გამოვიყენოთ ამ თამაშების პლუსები და თავიდან ავიცილოთ მინუსები.
დღეს ფართოდ არის გავრცელებული კომპიუტერული ტექნოლოგიები, რომელთა წყალობითაც კომპიუტერული თამაშები იქმნება. მათ შორის ბევრია ისეთი, რომელიც შეიძლება ბავშვის განვითარებისთვის იქნეს გამოყენებული:
- ინტელექტუალური თამაშები (თავსატეხები, რებუსები), რომლებიც ხელს უწყობს ინტელექტის, ლოგიკური აზროვნების, ყურადღების, მეხსიერების, ობიექტების ვიზუალური აღქმის და სხვა უნარ-ჩვევების განვითარებას;
- განმავითარებელი კომპიუტერული თამაშები. ამ თამაშების საშუალებით ბავშვმა შეიძლება ისწავლოს ასოები და ციფრები, გაეცნოს მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს. ასეთი თამაშები ხშირად დადებით გავლენას ახდენს ბავშვის ემოციური სფეროს, ხელის წვრილი მოტორიკის, მხედველობითი მეხსიერების, მუსიკალური სმენის განვითარებაზე;
- საგანმანათლებლო, სასწავლო კომპიუტერული თამაშები, რომლებიც დაეხმარება ბავშვს, აიმაღლოს ცოდნა ამა თუ იმ სფეროში, ასწავლის მას სხვადასხვა სიტუაციაში მოქმედებას, ხელს უწყობს შეუპოვრობის, კონცენტრაციის, რეაქციის სისწრაფის განვითარებას.
თუმცა გვხვდება ისეთი თამაშებიც, რომლებმაც შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ისინი, წესისამებრ, დინამიკურია, აგრესიისა და ძალადობის შემცველი. სწორედ დინამიკურობის გამო უჭირთ ბავშვებს ამ თამაშებისგან მოწყვეტა. რით გამოიხატება მათი უარყოფითი გავლენა?
- ყველაზე დიდი საფრთხე, რასაც ცალკეული თამაშები უქმნის ბავშვს, არის მათზე დამოკიდებულების, მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება. მოზარდი, რომელიც კომპიუტერის ტყვეობაში ექცევა, მასზე დამოკიდებული ხდება, სწყდება რეალობას და ვირტუალურ სამყაროში იწყებს ცხოვრებას. კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება ყველაზე სახიფათო ხდება მაშინ, როდესაც თამაშით გატაცებულ მოზარდს ეკარგება მადა (ჭამისთვისაც კი არ სურს, მოსწყდეს თამაშს) და ერღვევა ძილი (ენანება დრო დასვენებისთვის და თამაშს სიზმარშიც კი აგრძელებს). თამაშდამოკიდებულებაში საგანგაშო ის არის, რომ შეუმჩნევლად იწყება და საფრთხის თაობაზე არავითარ ეჭვს არ ბადებს. ამიტომ არის რთული თამაშდამოკიდებულებასთან ბრძოლა.
- თუ კომპიუტერული თამაშებით გატაცებული მოზარდი ვერ სწყდება მონიტორს და ბევრ დროს ატარებს კომპიუტერთან, დროთა განმავლობაში მას შეექმნება ხერხემალთან, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, გახდება აგრესიული, ნერვული, უყურადღებო, დაბნეული, გაუჭირდება სწავლა, სხვა ყოველდღიური მოვალეობების შესრულება.
- მზარდ ორგანიზმს სისტემატური ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში სჭირდება. ხანგრძლივი უმოძრაობის გამო ბავშვის ფიზიკურ განვითარებას შეიძლება სერიოზული ზიანი მიადგეს. არსებობს ჰიპოდინამიის განვითარების საფრთხე.
- როდესაც ბავშვი კომპიუტერულ თამაშებს ბევრ დროს უთმობს, ის ემოციურად საკმაოდ დაძაბულია (ემოციური დაძაბულობა კომპიუტერული თამაშების თანმხლებია) და ეს დაძაბულობა, თავისთავად ცხადია, უკვალოდ არ ქრება. მთელი დღე კომპიუტერთან ჯდომისა და თამაშის შედეგად საღამოსთვის ბავშვი უკვე აღგზნებული, გაღიზიანებული, აგრესიული და უმართავია, უჭირს მშვიდად დაძინება.
- კომპიუტერთან ბავშვები, როგორც წესი, ურთიერთობენ პირისპირ, ერთი-ერთზე, რაც სერიოზულად აფერხებს სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას.
- ძალადობისა და სისასტიკის ელემენტების შემცველი კომპიუტერული თამაშები ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს მოზარდის ფსიქიკაზე. კომპიუტერულ თამაშებში ნაჩვენები ძალადობა პროვოცირებას უწევს აგრესიულ აზრებს, აგრესიულ ქცევას, სისასტიკეს აჩვევს მოზარდს. ასეთ ბავშვებში ხშირად შეუძლებელიც კი ხდება რეალური ადამიანების მიმართ თანაგანცდის, თანაგრძნობის გაღვივება.
კომპიუტერული თამაშების სარგებელსა და მავნებლობაზე მსჯელობა დიდხანს შეიძლება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს თამაშები თავისთავად არც საზიანოა და არც სასარგებლო, ისევე როგორც ნებისმიერი რამ ჩვენ გარშემო. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია დანით გავჭრათ ვაშლი და ამავე დანით შეიძლება თითიც გავიჭრათ, მაგრამ ამის გამო არავის მოსვლია აზრად დანების აკრძალვა და ხმარებიდან ამოღება. საქმე საგნებში კი არ არის, არამედ იმაში, თუ როგორ და რა მიზნით გამოვიყენებთ მათ. კომპიუტერული თამაშების ზიანი და სარგებელი ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომლებზეც ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია. ერთი რამ ცხადია: ზომიერად ყველაფერი კარგია და თითოეულმა მოზარდმა უნდა იცოდეს, რა არის მისთვის მავნე და რა – სასარგებლო. კომპიუტერული თამაშები ბავშვის განვითარების დამხმარე უნდა იყოს და არა მტერი. ამისთვის საჭიროა, კომპიუტერი არ დარჩეს მოზარდისთვის ინფორმაციის მიღებისა და განვითარების ერთადერთ წყაროს, კომპიუტერული თამაშები კი – ერთადერთ გასართობად. ბავშვი თავს უნდა იქცევდეს კითხვით, სამაგიდო თამაშებით, კონსტრუქტორებით, ისეთი საქმიანობით, რომელიც მოითხოვს რაღაცის საკუთარი ხელით კეთებას, შრომით ძალისხმევას, შემოქმედობითობას, გამომგონებლობას.